ახალგაზრდების გაძლიერება სამუშაოსთვის მზადყოფნის ძირითადი უნარებითა და ციფრული კომპეტენციებით

2023-07-07

ახალგაზრდებისთვის დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარება საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.  

სწორედ, შრომის ბაზარზე ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული LINKS პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 18-22 ივნისს, ახალგაზრდებს პროექტის ოთხი სამიზნე რეგიონიდან (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი) მიეცათ შესაძლებლობა განევითარებინათ სამუშაოსთვის მზაობის აუცილებელი კომპონენტები, როგორიცაა რბილი უნარები, მათ შორის: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკებების უნარი, საქმიან გარემოში კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკა, გუნდურობა და სხვა. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ პარტნიორები-საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობით.  

გარდა სამუშაოსთვის მზაობის ინტენსიური ტრენინგისა, ამ ხუთი დღის განმავლობაში, ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა განევითარებინათ ციფრული კომპეტენციები. ამ მიზნით, ისინი ესტუმრნენ FABLAB ILIAUNI-ს, სადაც ადგილზე გაეცნენ FABLAB-ში არსებული სხვადასხვა დანადგარის მუშაობას და დაესწრნენ ლექციას თემაზე: ხელოვნური ინტელექტის (AI) როლი თანამედროვე შრომის ბაზარზე. ამავე დღეს, ახალგაზრდები ესტუმრნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (ტექნო პარკი), სადაც მიიღეს უფრო დეტალური ინფორმაცია  AI-ზე დაფუძნებული პლატფორმების შესახებ.  

სატრენინგო დღეები კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა საქართველოს ევროპულ წარსულზე, და ევროკავშირის თემაზე მსჯელობამ, რომელსაც ერთი სრული დღე დაეთმო. ამ დღის განმავლობაში, სახალხო უნივერსიტეტის ლექტორებმა პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს ჩაუტარეს ლექციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის განვითარება; საბჭოთა ოკუპაცია და საქართველო; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ევროპა; ევროკავშირი: მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების გაერთიანება.  

ღონისძიება ჩატარდა პროექტ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNA Georgia)  და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.