ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე-ბოლქვაძე - ქალთა ისტორიის თვე

2023-03-07

ქალთა თვის ამ რუბრიკით გაგაცნობთ ქალებს USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში შექმნილი გამოფენიდან, რომელიც ეძღვნებოდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკურ, სოცილაურ და პოლიტიკურ პროცესებში.  

ელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)

პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. იგი დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ სამხვთოში (ზემო ნატანებში). საშუალო განათლება ტფილისის ქალთა მესამე გიმნაზიაში მიიღო. 19 წლის ასაკში გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და 1905 წელს თავმჯდომარეობდა გურიის ქალთა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას. იგი აქტიურად იყო ჩართული გურიის გლეხთა მოძრაობაში „გურიის რესპუბლიკა“. 1907 წელს დააპატიმრეს რევოლუციონურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო და წლების განმავლობაში ეკრძალებოდა კავკასიაში ცხოვრება. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ იგი დაბრუნდა საქართველოში და კვლავ აირჩიეს გურიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელად. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დარჩა საქართველოში, იყო ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საბჭოთა რეჟიმის მიერ არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1926 წელს ლიზა ბოლქვაძე იკავებდა არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს. 1937 წლის 22 თებერვალს ლიზა ბოლქვაძე დახვრიტეს კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქ მინუსინსკში, ე.წ. „ტროიკის“ დადგენილებით. მას ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური „მენშევიკური“ ცენტრის წევრობა. თბილისში არსებობს ელისაბედ ბოლქვაძის სახელობის ქუჩა. 

წყარო: Sovlab - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატები

ფოტო: Sovlab

კოლაჟი: გურამ მურადოვი / Una.ge

USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.