ზეინაბ ხიმშიაშვილი - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე

2022-02-18

„სწორედ სახალხო უნივერსიტეტის შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა მოტივაცია, რომ უფრო აქტიური მოქალაქე გავმხდარიყავი. დამებადა იდეა,  გავაკეთო სოციალური კამპანია, რომელიც ცხოველთა დაცვისკენ იქნება მიმართული და ვაპირებ მის განხორციელებას.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავზარდოთ ინფორმაციის მიწოდების ქსელი და ყველა უნდა ჩავერთოთ სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის იდეაში, რაც ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს ყველაზე რთულად მისასვლელ ადგილებშიც კი.” - ზეინაბ ხიმშიაშვილი, 23 წლის, სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე.  

ზეინაბი წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრანტია. ამჟამად ის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში ცხოვრობს და ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება: 

„მე მგონია, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა ჩვენს წარსულზე, ისტორიასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არსებობდა და არსებობს დღეს. 

სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის იდეაც ხომ ეს არის - მიაწოდოს საბაზისო ცოდნა და ინფორმაცია შესაძლებლობების შესახებ ახალგაზრდებს ყველა სოფელსა და დაბაში. 

მსგავსი შეხვედრები ადამიანებს უღვივებს მოტივაციას, რადგან ლექტორებს, რომლებიც სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის ფარგლებში ჩამოდიან, განსხვავებული პროფესიული გამოცდილება აქვთ, განსხვავებულ თემებზე საუბრობენ და ვფიქრობ, შეხვედრების დროს საკუთარი თავის აღმოჩენა და მოტივაციების შექმნა შეიძლება.” - ამბობს ზეინაბი.

ზეინაბისთვის სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის სალექციო ფორმატი საინტერესო და განსხვავებული აღმოჩნდა:

„სახალხო უნივერსიტეტის ლექტორებთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო. ძირითადად, არ დავდივარ მსგავს ლექციებზე, თუმცა, რატომღაც, გადავწყვიტე, რომ აქ მივსულიყავი. ძალიან გამიხარდა, რომ შეხვედრა საინტრესო და სასარგებლო ინფორმაციებით დატვირთული აღმოჩნდა. 

ჩემი აზრით, ამ შეხვედრებს უნდა ჰქონდეს განგრძობითი სახე, რადგან  როდესაც სოფელში ამ შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას ვაჟღერებ, ბევრს უკვირს, საიდან ვიცი ამის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მსგავსი შეხვედრები და მოიცვას მთელი სოფლის მოსახლეობა, განსაკუთრებით - ახალგაზრდობა.” 

მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.  იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.

ვრცლად მოძრავი უნივერსიტეტის შესახებ