ჩვენ შესახებ
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების წახალისების, მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით.
გაეროს ასოციაცია მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ დისკუსიების წახალისების გზით მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას ისეთ პროცესებსა და გადაწყვეტილებებში, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.
საქართველოს გაეროს ასოციაცია 1996 წლიდან არის გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი, რომელიც 1946 წლიდან ეროვნული გაეროს ასოციაციების გაერთიანებას წარმოადგენს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. 2003 წელს საქართველოს გაეროს ასოციაცია „გაერთიანებული ერების მეგობრების“ ტოლერანტობის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გახდა. 2010 და 2012 წლებში საქართველოს გაეროს ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდებით დააჯილდოვა.
მნიშვნელოვანი საკითხები
გაეროს ასოციაციის ფილოსოფია ეფუძნება პროექტების ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებლიან და ეფექტურ განხორციელებას.
საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გლობალური და ეროვნული პარტნიორობით გაძლიერებული გაეროს ასოციაცია ორიენტირებულია ინდივიდების, თემებისა და ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და შეძლონ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული მთელი რიგი საკითხებისა და გამოწვევების ეფექტური გადაჭრა.
გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) წევრი
გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია შეიქმნა 1946 წელს. დღეს ფედერაცია წარმოადგენს ქსელს, სადაც მსოფლიო ხალხები უკავშირდებიან ერთმანეთს გაეროს ასოციაციების საშუალებით და მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მშვიდობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, საერთაშორისო სამართალი და სხვა.
WFUNA არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია პირველი კატეგორიის საკონსულტაციო სტატუსით ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში (ECOSOC), რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირი გაერთიანებული ერების ბევრ სხვა ორგანიზაციასა და სააგენტოსთან.
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia) 1996 წლიდან არის გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი.
ლტოლვილთა და გადასახლებულთა ევროპული საბჭოს (ECRE) წევრი
ლტოლვილთა და გადასახლებულთა ევროპული საბჭო (ECRE) არის 81 არასამთავრობო ორგანიზაციის ევროპული ალიანსი, რომელიც იცავს და ხელს უწყობს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ სამართლიანი და ჰუმანური ევროპული პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ჩვენს წევრებთან და პარტნიორებთან ერთად ევროპულ საზოგადოებას და ხელისუფლებას ვაწვდით ინფორმაციას, ჩვენ ვაკვირდებით და ვგმობთ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ხელს ვუწყობთ სამართლიან და ეფექტურ გრძელვადიან გადაწყვეტილებებს.
ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მისიას კვლევის, ადვოკატირების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.
ECRE ისწრაფვის ევროპისკენ, რომელიც ღირსეულად და პატივისცემით იცავს ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს.
გლობალური ტოლერანტობის ჯილდო 2003
2003 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, გაეროს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მიენიჭა 2003 წლის გლობალური ტოლერანტობის ჯილდო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. ამ ჯილდოს ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „გაეროს მეგობრები” გასცემს, რომელიც ემსახურება გაეროს წესდების პრინციპებისა და ღირებულებების პოპულარიზაციას და ორგანიზაციის მუშაობის მხარდამჭერი სტრუქტურების შექმნას. „გაეროს მეგობრების” თქმით, გლობალური ტოლერანტობის ჯილდო არის „ლიდერობისა და მაღალი დონის აღიარების გზა“ მათთვის, ვინც პასუხობს მოწოდებას „გამოიჩინონ ტოლერანტობა და იცხოვრონ ერთმანეთთან მშვიდობიანად, როგორც კარგი მეზობლები“.
„გაეროს მეგობრების” პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ნოელ ჯ. ბრაუნმა, თავის წერილში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გამოუგზავნა ორგანიზაციის ნომინირებასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ საქართველოს გაეროს ასოციაციას ჯილდო გადაეცემა „მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტებისთვის, რომლებიც საზოგადოებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა”, ასევე ონლაინ ჟურნალ Civil Georgia-ს არსებობისთვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების უფრო ფართო მონაწილეობას საჯარო პოლიტიკაში.
ეთიკის კოდექსის ხუთი ვერცხლის პრინციპთან შესაბამისობის სერტიფიკატი
ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) კოალიცია ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ეთიკის კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ასახავს იმ პრინციპებს, რომელთა მიღწევაზეც ზრუნავენ ორგანიზაციები.
სსო-ებმა ასევე შეადგინეს ამ მიზნების თანდათანობით მიღწევის რუკა. ხუთი ვერცხლის პრინციპი რუკის საწყისი ელემენტებია, როგორებიცაა: გამჭვირვალობა, ფინანსური სიბეჯითე და ანგარიშვალდებულება ბენეფიციარების წინაშე. ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) კოალიციამ დაადასტურა, რომ საქართველოს გაეროს ასოციაცია არის ერთ-ერთი თექვსმეტი ეროვნული სსო-დან, რომელიც შეესაბამება ხუთი ვერცხლის პრინციპს.