მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე - ქალთა ისტორიის თვე

2023-03-15

ქალთა თვის ამ რუბრიკით გაგაცნობთ ქალებს USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში შექმნილი გამოფენიდან, რომელიც ეძღვნებოდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკურ, სოცილაურ და პოლიტიკურ პროცესებში.  

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

პოლიტიკოსი, ექიმი. იგი დაიბადა შორაპნის მაზრის სოფელ ღორეშაში. საშუალო განათლება ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ მცირე ხნით სამსახიობო საქმიანობას ეწეოდა. 1901 წელს ჩაირიცხა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ჟენევაში დაუახლოვდა გიორგი პლეხანოვის ოჯახს. იქვე იქორწინა სტუდენტ მალაქია ტოროშელიძეზე. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციებად დაყოფის შემდეგ მინადორა „მენშევიკებს“ მიემხრო, მალაქია კი - „ბოლშევიკებს. 1905 წლიდან ტფილისში მუშაობდა პარტიულ უჯრედებში. რევოლუციის მარცხის შემდგომ ჟენევაში დაბრუნდა. 1914 წელს, მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, მუშაობდა სამტრედიასა და ტფილისში. 1917 წელს აირჩიეს ტფილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ხოლო 1917 წლის ნოემბრიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. მან  1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს ტფილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად და დამფუძნებელი კრების წევრად. კრებაში არჩეული იყო სახალხო ჯანმრთელობის კომისიის თავმჯდომარის ამხანაგად. პარტიაში იკავებდა ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს. მინადორა იყო რესპუბლიკის დედათა და ბავშთა დამცველი საზოგადოების თავმჯდომარე. მინადორას ხელისუფლებაში ყოფნის დროს უშიშროების სამსახურებს დაპატიმრებული ჰყავდათ მისი ბოლშევიკი ქმარი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგო იყო „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ თავმჯდომარე, ეხმარებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ პოლიტიკოსთა ოჯახებს. 1924 წელს, როდესაც საბჭოთა სისტემაში მისი მეუღლე, მალაქია მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მინადორა დააპატიმრეს და მოსკოვში გადაასახლეს. საბჭოთა დიდი ტერორის დროს მინადორას ქმარი და ორი ვაჟი დახვრიტეს, ხოლო თავად მინადორა 1936 წლიდან 1950 წლამდე გადასახლებაში იმყოფებოდა შუა აზიაში. იგი გარდაიცვალა თბილისში.

წყარო: Sovlab - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატები

ფოტო: Sovlab

USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.