ნინო ხომასურიძე - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-07-29

„ყოველთვის ვიბრძვი ჩემი მიზნები რეალობად ვაქციო. ცხოვრებაში მთავარია მიზანი დაისახო, იბრძოლო და იშრომო მისი ასრულებისთვის“ - ნინო ხომასურიძე, ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის” (FID) პროგრამის მონაწილე.

მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც გამოსცადა ომი და შიდა დაპირისპირებები საქართველოში. შესაბამისად, მძიმედ მახსოვს და ჩემს ცხოვრებაზე  დიდ გავლენას ახდენს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მასთან დაკავშირებული განცდები. 

მე გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ვცხოვრობ (სოფელი მდებარეობს გამყოფი ხაზიდან 50 მეტრში).

კარგად მახსოვს ომის დაწყება-განვითარება, როცა მთელი საქართველო იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა გამოცდილება ერთ მუშტად შეიკრა და წინ აღუდგა რუსულ ტანკებს. მახსოვს დაბომბვის ხმა, გაქცევა და ახლობლების დაკარგვის შიში.

ომის  შემდეგ მახსოვს შინ დაბრუნების სიხარული, როცა მშობლიურ გარემოს ეფერები, მაგრამ მაინც გაუცხოების შეგრძნება გაქვს.  ამ მძიმე გამოცდილებამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე და ქვეყნის განვითარებაშიც რაიმე წვლილი შევიტანო.

ამ საქმეში არაფორმალური განათლება და პროგრამა „ FID“ -ი   ძალიან მეხმარება. ეს ყველაფერი საშუალებას მაძლევს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს ის ცოდნა და უნარები გავუზიარო, რასაც პროგრამიდან ვიღებ.   

პროგრამა შესაძლებლობას მაძლევს ვაკეთო ის საქმე რაც ჩემთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.  Მაგალითად: დავეხმარო ადამიანებს,  გავუფართოვო შესაძლებლობათა არეალი  და ვიზრუნო მათი კეთილდღეობისთვის. პროგრამა პროფესიულ ორიენტაციაშიც დამეხმარა.

ამასთან ერთად, მინდა ჩემი რეგიონის განვითარებასა და წაროჩენაზე ვიზრუნო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ოჯახი ვაზის კულტურის და მეღვინეობის ტრადიციის დიდი დამფასებელია, მეც ხშირად ვეხმარები მამას ვაზის მოვლაში და სერიოზულად ვფიქრობ სამომავლოდ უკეთ შევისწავლო და განვავითარო ეს საქმიანობა. საკუთარ თავს მომავალში წარმატებულ მეღვინედ ვხედავ. ვიამაყებ თუ გავაგრძელებ ოჯახის ამ განსაკუთრებული ტრადიციას.

ცხოვრებაში მთავარია რაღაც მიზნად დაისახო, იბრძოლო და იშრომო მისი ასრულებისთვის.

ვფიქრობ, ახლანდელმა თაობამ, ოცნებები რეალობად უნდა ვაქციოთ, რათა ჩვენი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შევცვალოთ.

,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.