მაგდა კორინთელი - „დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე

2022-07-27

„მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლებმაც დაიწყეს თავიანთი ნათელი მომავლისთვის ბრძოლა ახალი ცნობიერებით, გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, მრავალი გაჭირვება და კრიზისი, აწ უკვე პანდემიაც და მიუხედავად ამისა, მაინც ნათლად ვიცით რა გვინდა,  რისკენ მივისწრაფვით” - მაგდა კორიანთელი - ,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერის“ (FID) პროგრამის მონაწილე.

დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის (FID) პროგრამამ ჩემს ცხოვრებაში მრავალი სიახლე შემოიტანა, გამზარდა და დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, თუ რისი მიღწევა მსურდა. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა უფრო თვითმყოფადი, თავდაჯერებული გავმხდარიყავი და რაც მთავარია, სხვა ახალგაზრდებისთვის გამეზიარებინა იგივე.  დღეს საშუალება მაქვს ათეულობით ახალგაზრდას გავუზიარო მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება.

ჩემი განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, რატომღაც ქალებს გაცილებით მეტი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში დავმკვიდრდეთ, დავიმსახუროთ ნდობა, წარმატება…

ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ვართ კარგი  ლიდერები, დიპლომატები, მებრძოლები. 

მე გავიარე კურსი “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონში“, სადაც თანაბარი დისციპლინითა და დატვირთვით არის ჩართული ყველა  ვარჯიშებსა და წვრთნებში, განურჩევლად მისი სქესისა. 

პროფესიად ფსიქოლოგობა ავირჩიე,  ფორმალურ განათლებასთან ერთად ბევრ ტრენინგში, სემინარსა და განვითარების პროგრამაში  ვიღებ მონაწილეობას. ყოველმა აქტივობამ მასწავლა თვითრწმენა და გადამალახინა მრავალი გამოწვევა, ამასთან ერთად საშუალება მომცა გამეცნო შესანიშნავი ადამიანები და მემუშავა პროფესიონალებთან სხვადასხვა მიმართულებით. 

,,დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის“ (FID) პროგრამა ხორციელდება გაეროს ასოციაციის მიერ შვედეთის გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით და ForumCiv/SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.