ინტეგრაციის, ტოლერანტობისა და ცნობიერების ამაღლების (PITA) პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება

2021-06-02

2021 წლის 2 ივნისს, #USAID-ის და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე, პროგრამის გუნდმა და პარტნიორებმა პროგრამის 6 წლის შედეგები შეაჯამეს, მათ შორის:
 
[1] პროგრამა PITA საქართველოს მთავრობას დაეხმარა 2015-2020 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განვითარებასა და განხორციელებაში და ახალი, 2021-2030 წლის, სტრატეგიის შემუშავებაში.
 
[2] პროგრამა დაეხმარა საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს და ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებს უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხარისხიან და აქტიურ ჩართულობაში და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის გაუმჯობესებაში.
 
[3] პროგრამამ გააძლიერა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობები დეზინფორმაციასთან ბრძოლის, ადვოკატირების, ახალგაზრდებთან მუშაობის და მდგრადობის მიმართულებებით - 150-ზე მეტმა ორგანიზაციამ ითანამშრომლა პროგრამასთან საგრანტო მექანიზმების, კოალიციური გაერთიანებების, ახალგაზრდული ცენტრების, მონიტორინგის, მობილური ჯგუფების და სხვა ინოვაციური მექანიზმების მეშვეობით.
 
[4] პროგრამა PITA-ში ჩართული 5000 ახალგაზრდა ცვლილებების აგენტი გახდა - ახალგაზრდები, რომლებიც ერთობლივად აშენებენ უფრო მედეგ, ღია, სამართლიან და ინკლუზიურ ქვეყანას და ამცირებენ იმ ბარიერებს, რომლებიც ერთ დროს, მათ ერთმანეთისგან ყოფდა.
 
შეხვედრაზე ასევე გაიმართა ორი თემატური პანელური დისკუსია პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების და ახალგაზრდების მონაწილეობით.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ხაზი გაუსვა სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობას: “ყველა წარმატება რაც საქართველომ მიაღწია და რასაც მომავალში მიაღწევს დამოკიდებულია საქართველოს ყველა მოქალაქის აქტიურობაზე, განურჩევლად მათი ეთნიკურობისა, რელიგიურობისა და იდენტობისა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და თბილისის და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები და ახალგაზრდები.