ანი თედიაშვილი - ქალთა ისტორიის თვე

2023-03-28

„როდესაც სტაჟირებას გავდიოდი ბიბლიოთეკარის პოზიციაზე სკოლა „თამარიონში“, ვაკვირდებოდი მასწავლებლებს, მათ საქმიანობას, რაც ძალიან მომეწონა და ამ საქმემ დამაინტერესა. მინდა, გავხდე მასწავლებელი, რადგან მგონია, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც შემიძლია საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო მომავალ თაოებებს და დავეხმარო მათ სწორი ღირებულელების ჩამოყალიბებაში და წარმატების მიღწევაში. ამასთან, ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბავშვები და მათთან მუშაობა.“ - ანი თედიაშვილი, ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროტექტის მონაწილე.

ანი ქალაქ გორიდან არის, მან LINKS პროექტის ფარგლებში გაიარა ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით და ამჟამად სწავლობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ინგლისური ენის მიმართულებით. 

იგი LINKS პროექტში ჩართვამდე საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრა და გვითხრა, რომ სამუშაო გამოცდილების არ ქონის გამო, სამსახურის მოძიება უჭირდა:

„LINKS პროექტში ჩართვა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც გავიგე, რომ ის ხელს უწყობდა ახალგაზრდების დასაქმებას და დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, თავდაპირველად, ვისარგებლე კარიერული კონსულტაციის სერვისით, ხოლო შემდეგ, მონაწილეობა მივიღე კომპიუტერის და მეწარმეობის კურსებში. განსკუთრებით სასარგებლო იყო სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგები, სადაც ვისწავლე CV-ის შექმნა, თვით პრეზენტაცია პოტენციურ დამსაქმებელთან, რა უნდა გავითვალისწინოთ გასაუბრების დროს, როგორ დავსვათ კითხვები სწორად და, ზოგადად, სწორი კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ ამ პროექტის დახმარებით გავხდი უფრო ორგანიზებული და გავიცანი საკუთარი თავი, როგორც პროფესიონალი.“

ანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სამუშაო გამოცდილების მიღება იყო. LINKS პროექტის დასაქმების პროგრამის ფარგლებში მას შესაძლებლობა მიეცა გორის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ანაზღაურებადი სტაჟირება გაეარა. ამ გამოცდილებამ ანის გადააწყვეტინა, რომ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩაებარებინა და კარიერა განათლების სფეროსთან დაეკავშირებინა:

„როდესაც სტაჟირებას გავდიოდი ბიბლიოთეკარის პოზიციაზე სკოლა „თამარიონში“, ვაკვირდებოდი მასწავლებლებს, მათ საქმიანობას, და ძალიან მომეწონა და დამაინტერესა ამ საქმემ. მინდა გავხდე მასწავლებელი, რადგან მგონია რომ სკოლა არის ადგილი, სადაც შემიძლია საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო მომავალ თაობას და დავეხმარო მათ სწორი ღირებულელების ჩამოყალიბებაში და წარმატების მიღწევაში. ამასთან, ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბავშვები და მათთან მუშაობა.“

ანის ვკითხეთ: წარმოიდგინე, რომ ახლა მთელ ქვეყანაში ქალებს უკეთიათ ყურსასმენები და შემდეგი 20 წამი ესმით შენი მიმართვა - რას ეტყოდი მათ? - რაზეც მან გვიპასუხა: 

„ქალებს მივმართავდი, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევბს და ყოველთვის იყვნენ მოტივირებულნი და იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის. მე მჯერა, რომ ჩვენი შრომისმოყვარეობით და მიზანდასახულობით ყოველთვის შეგვიძლია დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.”

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანამშრომლობით.