მარინა კახიძე - მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე

2022-02-16

 

„მოძრავი უნივერსიტეტი ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომელშიც ოდესმე მიმიღია მონაწილეობა. შეხვედრებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიღებული რჩევები, რომლებიც კარიერულ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. 

ჩემთვის პირველი შესაძლებლობა იყო, ვყოფილიყავი სტუდენტის ამპლუაში და მენახა, როგორია სტუდენტსა და ლექტორს შორის ურთიერთობა . მივხვდი, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს სალექციო ფორმატი და რამდენად მნიშვნელოვანია ინტერაქცია შეხვედრის დროს.” - მარინა კახაძე, 16 წლის, მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე. 

მარინა ჩიბათის (გურია, ლანჩხუთი) საჯარო სკოლის მოსწავლეა და ის ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება: 

„ძალიან მიხარია და მგონია, რომ მოძრავ სახალხო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და ჩართულობა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთხელ მოსმენილი ლექცია, ეს არის გრძელვადიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები არიან.” - ამბობს მარინა. 

სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მონაწილეებს შეხვედრები ისეთ აქტუალურ თემებზე უტარდებათ, როგორებიცაა: ჯანდაცვა, ისტორია, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამოქალაქო განათლება, ქალთა უფლებები, სასოფლო განვითარება, სათემო თვითორგანიზება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მეწარმეობა, დასაქმება, კარიერული განვითარება და გარემოს დაცვა.

როგორც მარინა ამბობს, სწორედ ჯანდაცვის საკითხებზე მოსმენილი ლექცია დაეხმარა მას დებატების კონკურსზე ოპონირებაში და თანატოლებისთვის კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გაცემაში: 

„სახალხო მოძრავი უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა კორონა ვირუსის, მისი გავრცელების გზებისა და პრევენციის შესახებ ისაუბრა, ერთი კვირის შემდეგ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევქმენი  პრეზენტაცია და გავუზიარე თანატოლებს, რაც, ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის, ისე - მათთვისაც.”

მოძრავი უნივერსიტეტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.  იგი არის მასშტაბური პროგრამის ნაწილი, სახელწოდებით „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs). აღნიშნული პროგრამის ზოგადი ამოცანაა საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.

ვრცლად მოძრავი უნივერსიტეტის შესახებ