მცირე გრანტების კონკურსი ახალგაზრდებისთვის

2023-02-22

USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება მცირე გრანტების კონკურსი. მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების და კონკრეტული თემის საჭიროებებს ეხმიანება და რომელიც თანხვედრაში მოდის კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებებთან.

USAID-ის პროგრამის “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” შესახებ

USAID-ის ხუთწლიან პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამა მიზნად ისახავს იმ ძირითადი ბარიერების გადალახვას, რომლებიც ხელს უშლიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, სამოქალაქო და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამისთვის პროგრამა მუშაობს როგორც უმცირესობებთან, ისე უმრავლესობასთან და თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, სამოქალაქო და კერძო სექტორთან.

განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს გაეროს ასოციაცია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების წახალისების, მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით. 

საქართველოს გაეროს  ასოციაცია 1996 წლიდან არის გაწევრიანებული „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციაში“  (WFUNA). ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 120-ზე მეტი ქვეყნის გაეროს ასოციაციას აერთიანებს მთელს მსოფლიოში.

საგრანტო კონკურსის პირობები:

  • საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე 14-29 წლის ახალგაზრდებს  ან აქტივისტთა  ჯგუფს საქართველოს 13 ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, გარდაბანი და მარნეული);
  • დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2023 წლის 15 მარტიდან;
  • კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს (3 თვე);
  • პროექტების შერჩევა და შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;
  • შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.

საგრანტო კონკურსის თემატიკა:

გენდერული თანასწორობა და ქალების გაძლიერება დემოკრატიული და სტაბილური საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. Საქართველომ, გენდერული თანასწორობის და ქალების გაძლიერების მიზნები, უკვე რამდენიმე ათეული წელია პრიორიტეტულად მიიჩნია  (გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2021).  ჯერ კიდევ 1994 წელს, საქართველომ ხელი მოაწერა „გაეროს კონვენციას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW). კონვენციის მე-3 მხულის თანახმად , მონაწილე სახელმწიფოები ყველა დარგში, და კერძოდ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ დარგებში, მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, ქალთა ყოველმხრივი პროგრესისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რათა მამაკაცებთან თანასწორ საფუძველზე უზრუნველყოფილი იყვნენ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განხორციელებითა და სარგებლობით. გენდერული თანასწორობა საქართველოში ეროვნული კანონმდებლობითაც არის გამყარებული. 2010 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომელიც ადგენს ქალისა და მამაკაცის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში მათი განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებსა და პირობებს. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოში გენდერული დისბალანსი და უთანასწორობა თითქმის ყველა სფეროში შეიმჩნევა, იქნება ეს ქალების პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, განათლება, დასაქმება, ბიზნესის წარმოება და სხვა. ასევე, მწვავედ დგას ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეული ქორწინება, ქალების სიღარიბე და სოციალური გარიყულობა.

საქართველოს გაეროს ასოციაცია და USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ეხმიანება გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებს და   და მათ დაძლევაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად,  აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს გენდერული თანასწორობის მიმართულებით. კერძოდ, საგრანტო კონკურსი  მხარს დაუჭერს შემდეგ პრიორიტეტულ თემატიკას:

  • ქალთა უფლებები და ოჯახში და/ან ქალთა მიმართ ძალადობა;
  • მეწარმეობაში ქალების ჩართულობა და ქალების ეკონომიკური გაძლიერება;
  • ქალების და გოგონების ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე;
  • ქალების და გოგონების შრომითი უფლებები;
  • ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროექტის ბიუჯეტი:

საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს. შესაძლებელია, აპლიკაციების განხილვის დროს, კომისიის  წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.

მცირე გრანტების კონკურსით დასაშვები ხარჯები:

  • ბეჭდვითი ხარჯები, რომელიც აუცილებელია ბროშურების, ფლაიერების და სხვა სახის გამოცემების დასაბეჭდად;  
  • საკომუნიკაციო ხარჯები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული პროექტის განხორციელებასთან;  
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • რეგიონში განხორციელების შემთხვევაში, სასტუმროში ღამისთევისა და კვების ხარჯები;
  • პროექტის ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებული თანხები.

მცირე გრანტების კონკურსით დაუშვებელი ხარჯები: 

  • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა, ბანკეტი და არამიზნობრივი შეხვედრები);
  • კომუნალური გადასახადები;
  • ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროექტის მიზნებს.

საკონკურსო აპლიკაციის წარდგენის ვადა:

აპლიკაციას თან უნდა ახლდეს შესაბამის ქალაქში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი.

განაცხადის ფორმა ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად უნდა შეივსოს ამ ბმულზე.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: agulbiani@una.ge გაითვალისწინეთ, რომ 1 მარტს ჩატარდება ონლაინ შეხვედრა (“ღია კარის დღე”) ამ ბმულზე.
შეხვედრაზე პასუხებს გავცემთ თქვენს შეკითხვებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

საგრანტო განაცხადების მიღება მოხდება 2023 წლის 27 თებერვლიდან  - 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით.

დამატებითი კითხვებისთვის ასევე შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორს.

რეგიონალური ახალგაზრდული ცენტრები